ნიკო გომელაური


თუ გიყვართ ამ ლეგენდარული ადამიანის შემოქმედება მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა…

ბიოგრაფია

ნიკო გომელაური – მსახიობი, პოეტი დაიბადა 1970 წლის 12 ივლისს.1992 წელს დაამთავრა თბილისი შოტა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. “თავისუფალი თეატრის” და “თბილისი ა.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული აკადემიური თეატრის” წამყვანი მსახიობი. ავტორი ხუთი პოეტური კრებულის ქართულ და რუსულ ენებზე.კ.მარჯანიშვილის სახელობის პრემიის,საერთაშორისო თეატრალური და პოეტური პრემიების ლაურეატი.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულად,ინგლისურად,შვედურად.იბეჭდება უცხოეთის პერიოდულ პრესაში.
“ამ ლექსების ავტორი,ნიკო გომელაური,ახალგაზრდა კაცია,პროფესიით მსახიობი.იგი ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობს როგორც ქართული,ასევე რუსული თეატრების სცენაზე.გარდასახვა მისი სპეციალობაა. ამიტომ იგი იძულუებულია იცინოდეს მაშინ,როდესაც არ ეცინება,ან მრისხანებდეს მაშინ როდესაც იგი ხუმრობის ხასიათზეა.იგი ვალდებულია ითამაშოს,იყოს არა თვითონ, არამედ სხვა.
არა და კაცს აქცს ბუნებრივი მოთხოვნილება, იყოს არა პიერო ან არლეკინი,არამედ თვითონ – ნიკო გომელაური. უნიღბოდ ამოთქვას თავისი სათქმელი,თავისი სიცილით იცინოს და იცინიკოსოს კიდეც,თუ ამის სურვილი გაუჩნდება.
და აი,ამგვარი შემოქმედებითი წყურვილი,ერთგვარი ძეჭარბი ნიჭი წარმოშობს პოეტს,უაღრესად საინტერესოს და რაც მთავარია,თავისი თაობისთვის ახლობელსა და გასაგებს.
ვინც ამ ლექსებს თაობათა ბრძოლის იარლიყს მიანიჭებს,ფუჭად დაშვრება. აქ არის ბრძოლა ქოლოდ თაობასა და უთაობას შორის.
თანამედროვე ფილოსოფოსებს თუ დავუჯერებთ ,პოეზიაც,ისევე როგორვ ყველა სხვა საქმიანობა,თამაშია.სიამოვნებით მინდა ავღნიშნო,რომ ნიკო გომლაური პოეზიის სცენაზეც მშვენივრად თამაშობს საკამაოდ დახვეწილი ოსტატობით.
ზურგის ქარს ვუსურვებ მისი “მთვრალი ხომალდის: თეტრ იალქნებს!” ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაწერილი მცირე დახასიათების მაგვარი რაღაც,სანამ ნიკო გომელაური გარდაიცვლებოდა….

შემოქმედება

*^*^*

გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს.
ფეხზედამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს,გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს,
შემარქვეს,მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს
ადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზემი გამართეს,
ლამის მომკლან_ჩამქოლონ,_ზედ წიხლი დამაყოლონ
ცრემლისთვის დამცინეს,_მცხელა თან მაციებს,
ლექსებს მიწუნებენ,_ვალს არ მიბრუნებენ
ყველგან ცუდს ხედავენ,_რას არ მიბედავენ
ღმერთო,რას არ ამბობენ,_რა სიტყვით არ მამკობენ
ფრთები აინც მეზრდება,_წერა არ მომბეზრდება
მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება,
სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ
ლექსს ვკიოდი, თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა

*^*^*

ცხოვრება მიწყობს
ათასგვარ ფინტებს:
ხან დარდში მიწოვს,
ხან ვნებას მინთებს.

განვილი წლების
მიგზავნის ქვითრებს,
მწველის და მწყველის.
მათრევს და მითრევს.

ცხოვრება თითქოს,
პატრონი დუქნის,
ჩემს თუმანს ითხოვს,
მე შაურს მჩუქნის.

ზოგჯერ კი, უცებ,
მიბოძებს ხალისს
– დროსავით უცვეთ
სიყვარულს ქალის.

წამართმევს, მაძლევს…
და ასე მუდამ.
ცოდვა ხან დამძლევს,
ხანაც კი ვგუდავ.

მე ერთს ვთხოვ რამეს,
ცხოვრებას ჩემსას:
ნუ ზოგავს წამებს,
ბოლომდე შემსვას…

*^*^*

ბუშტი ნაღვლის
მალე დამღლის,
სულში ჩავა ნაღველი.

ღვიძლის დაშლა,
ტვინის აშლა,
სხვას, არაფერს, არ ველი.

ძია თირკმელს
გამოიკვლევს,
გამომიწერს რეცეპტს.

ჩემი როლი
– მეძებს ცოლი,
საყვარელიც მეძებს…

სულს მაინც, ხელი არ ახლო,
ამარიდე შარი.
ბედნიერებაა ახლო!
გამოუღე კარი…

*^*^*

მას დააბრალეს ყველა ცოდვები,
ლამის მან შექმნა ლოჟა მასონთა…
ის, რომ ახალი შექმნა ნოტები,
ვინღა ფიქრობდა, ვისღა ახსოვდა.

იქ მტრობა იყო გზად, თანაც ხიდად,
უნიჭო ბოღმას თან სდევდა სევდა.
ამ დროს მოცართი, შხამს სვამდა მშვიდად
და ღმერთთან ერთად რაღაცას წერდა…

*^*^*

მე, რომ გაგანდოთ ჩემი ოცნება,
ყველა თქვენგანი ალბათ მოცდება
და გაოცდება: “ნუთუ ამ ნიკოს,
მხოლოდ ის სურდა, რომ გულწრფელი იყოს?!”

ზოგი ოცნებობს, რომ ჰქონდეს ფრთები,
მე კი დავფრინავ, როდესაც ვთვრები.
ვთვრები, ქალს როცა მოვეფერები,
შავ-თეთრს, როცა ცვლის მკვეთრი ფერები.

როცე ვერევი საკუთარ ვნებებს,
როცა ნერვები თავს არ მანებებს.
თავს, რომ დავცინი მაშინაც ვთვრები,
როცა ბავშვების ცრემლებით ვთბები.

რა არის ხმები, მუდამ ხომ მესმის,
რატომ გამიჩნდა სურვილი გესლის?!
სულ ოცნებებით მომიწევს თრობა?
– რა ღმერთმა, კაცმა რა ქალმა მშობა…

არ შეგაწუხებთ ჩემი ოცნებით,
თქვენ, კი, არა და, მეც კი მოვცდები…

*^*^*

მზეო, ჯერ ნუ ამოხვალ!
დღეს მაცალე, ამო ხვალ.
ღამის ვითხოვ განგრძობას.
ნუ წამართმევ ამ გრძნობას.

ნუ წამართმევ ნანატრ წამეებს,
როცა ქალი “გამაწამებს”.
“გამაწამებს” ულევ ვნებით,
უცნაური გემოვნებით.

მეზო, მეტყვის ნეტავ დრო რას?
მოეფარე ცოტაც გორას.
მომაფარე ის ვინც მინდა,
თორმე ისევ გამიფრინდა.

სად ვეძებო თავიდან?!
ამას ვერ გადავიტან!
დაისვენე მნათობო,
სევდა არ დამათოვო…

სიყვარული – ქვეყნის!
ძლივს გარშემო მერტყმის…
შემდეგ მოხდეს “ავარია”,
ეს ხომ არამთავარია!…

*^*^*

როგორ მომწონდი, როგორ…
ღმერთმა გაძლება მომცეს!
შენ შემომხედე გოგოვ,
და შემეკითხე “ვონცეს”?

როგორ მინდოდი, როგორ…
შენით გამეხსნა მადა.
შენ გაიკვირვე გოგოვ,
მითხარი “так и надо”.

როგორ მაღგზნებდი, როგორ…
ვკიოდი რა ხმით: აუ!!!
შენ, მომეფერე გოგოვ,
მითხარი: “fuck me now”.

როგორ მართობდი, როგორ…
შენს გამო გული ვფლითე.
შენ გამიღიმე გოგოვ,
მითხარი: წავალ, “bitte”.

როგორ მჯეროდა, როგორ…
მეგონა, მედექ გვერდში.
შენ, მიმატოვე გოგოვ,
და თქვი: “arive derci”.

პატარა, ცელქო გოგოვ,
როგორ მიყვარდი, როგორ…
სიყვარულია ლოტო.
შე-ჩემის პოლიგლოტო…

*^*^*

სიკვდილს ვუყურებ თვალებით კრავის,
ვფიქრობ – ბოლოჯერ ღმერთი მენდობა.
თან იმედი მაქვს სამოთხის კრავის
(მყოფნის ამისთვის მე თავხედობა).

როდესაც ვინმე მომიშვერს ლოყას,
არ დავიბნევი, გავაწნავ სილას…
ჩემი სიზმრები ჯოჯოხეთს ლოკავს,
ჩემი ოხვრები ჯოჯოხეთს ხიბლავს.

როცა კრავებს გახრავენ მგლები,
მივხვდები გული აღარ მერთვება,
შემაშინებენ მაშინ მე წლები
და მხოლოდ მაშინ ამეღმერთება…

როდესაც ცოდვას სიკვდილი მოჰყავს,
ჩვენ მერე ვუშვერთ მეორე ლოყას!…

*^*^*

ცხოვრება ჩემი – გრძნობის საცერი,
მუდამ მკარნახობს, რა მაქვს საწერი.

ლექსები ჩემი, ჩემი მეობა…
იგრძნობა მათში ცის შემწეობა.

ქალები ჩემი… უხ, რა ქალები!
ვნებით დამდნარი და გამქრალები.

ცოდვები ჩემი, ასე ეტყობა,
რომ სამ სიცოცხლეს კიდევ ეყოფა.

სისუსტე ჩემი, ჩემი შვილები…
ჩემი რჩევებით გადაღლილები.

ასაკი ჩემი, ნელ-ნელა ცივი…
ნერვზე ავკრიფე მე წლების მძივი.

სიმდიდრე ჩემი – ეს ანცი სცენა.
ხან სიცილია, ხან ცრემლის ცვენა.

ეს გული ჩემი – ცუდი რა მეთქმის,
საიდან შერჩა უნარი ფეთქვის?

*^*^*

სარწმუნოება, ენა, მამული…
შემრჩა სიყალბე და სინანული.

სარწმუნოება, მამული, ენა…
ბნელი ბერები, შერყვნილი რწმენა.
ცრემლის წვიმა და ზღვა სისხლის დენა.

ენა, მამული, სარწმუნოება…
ტყუილს ცოდვები კუდად მოება.
და ჩამჩურჩულებს ამას დროება:
ამაოების ამაოება!…

*^*^*

დარუბანდი, ნიკოფსია,
განა მარტო ნიკოსია?!
ამ ეს კოხტა ეკლესია,
მარტო პავლე-პეტრესია?
მართალია, თუ მითია,
ის, ვინც მეფე დავითია…
არიან, თან არ არიან,
შოთაა, თუ თამარია…

დარდს ვერ ვცები,
მე ვეცდები.
ხან შევწვდები,
ხან შევცდები…

რომც ვცდებოდა…
საქართველო,
მოდი, იქნებ არ გავთელოთ…

*^*^*

მუდამ ვუჩივი ამინდს,
წვიმს, თუ გამოიდარა.
მუდამ ვიძახი “ამინ”-ს,
საჭიროა თუ არა.

მუდამ ვღალატობ პრინციპს,
დამჟანგა ცივმა ოფლმა.
მუდამ მიკვირდა პრინცის
– ყოფნა და მხოლოდ ყოფნა.

მუდამ რაღაცის ძებნა
– ჩემი ცხოვრების წესი.
ვერ მაპატიეს სხვებმა
– ზვინში ვიპოვე ნემსი.

რამდენჯერ უნდა მოვკვდე,
რომ დავიბადო მშვიდი?!
ქვეყანას ჭორი მოვდე,
რომ ვარდს უეკლოდ ვზრდიდი.

მუდამ ვიძახი “ამინ”-ს
მუდამ ვუჩივი ამინდს,
მუდამ ვღალატომ პრინციპს…
და ლამის მჯერა პრინცის!

*^*^*

შენ ხარ ჩემი მუზა,
ფაქიზი და სხარტი.
რომ დამეცა ტუზად,
უმთავრესი კარტი.

როცა მესმის ახლა
შენი გულის ფეთქვა,
ვხედავ, როგორ ახდა
ჩემი ნატვრის შეთქმა.

გამოგიტყდე მინდა:
მეგონა, რომ არ ღირს,
ახლა ვხვდები, ღირდა
უარყოფა არყის.

შემიცვალე კოცნით
ბახუსი და თრობა
– მომიტანე ბოცით
სიყვარულის გრძნობა.

*^*^*

ვიღაც მესტუმრა ძველი წლის დამლევს,
ტკბილის მაგივრად ეკავა ცელი.
ღვინო დავუსხი – ვიფიქრე დალევს.
არაო! მითხრა – გზა გველი ვრცელი.
“რა დროს გზა არის? თორმეტი დაჰკრავს,
მალე ახალი დადგება წელი…”.
რომ დავაკვირდი – ცოცხალ კაცს არ ჰგავს
და მაშინ მივხვდი, რად უნდა ცელი.
ხარხარი მორთო – მიხვდა, რომ მივხვდი.
შემდეგ კი, უცებ მომიგო რბილად:
ჩემო ბატონო, მე ბოდიშს გიხდი…
რაც ადრე წავალთ, მით დროზე მივალთ.
– რას ჰქვია მივალთ? ვინა ვარ? ლეში?
აზრი გამიჩნდა გამოკვეთილი.
ხმლად მოვიმარჯვე კალამი ხელში
და გადავხაზე “მეკვლე კეთილი”.
გამომეღვიძა – მადლობა ბედო!
უკვე იანვრის პირველი გახლდათ.
ბალიშის ქვეშ კი კალამი მედო,
თოვლის ბაბუამ მაჩუქა ალბათ.

*^*^*

რა ვთქვა? – ზოგჯერ, რა არ მომდის თავში
რა ავღწერო, მამული თუ მოლი.
იქნებ, ზღაპრით გავახარო ბავში?
ან სონეტში დავიმკვიდრო როლი?

რა ვთქვა ლექსად? ხეს რომ ებრძვის ქარი?
იქნებ, ზამბახს მოვუწონო ღერო?
ან ვამხილო, ცოლს როგორ სცერს ქმარი…
იქნებ, სულაც პოემები ვწერო?

მოდი, შევქმნი გრანდიოზულ რამეს,
მას დავარქმევ “ვარდისფერი რაში”…
თუ სჯობია, გავუფრთხილდე წამებს?
– ვგრძნობ, ვბერდები ამდენ მელნის ღვრაში.

ტყეს მივუძღვნი მცირეოდენ სტროფებს
(მისთვის არა, რომ მეტყევემ მიქოს).
ამის გამო, ახლა ზღვა ჰყრის ცოფებს
– მასაც მივწერ რამდენიმე სტრიქონს.

მივწერ პეპლებს, დინოზავრებს, ტურას,
მზეს, ვარსკვლავებს, ზეცას მიწას, მთვარეს,
ვინც დაფრინავს, ვინც დადის, ვინც სცურავს…
ჩემს ძმაკაცებს, დღედაღამე მთვრალებს.

მოკლედ რა ვთქვა? – არჩევანი ფართო.
ცელქი რითმა, განა ლექსებს იკმარს?!
ამ დროს სახლში მელოდება სატრფო
და ეჭვობს, რომ მუზა უფრო მიყვარს.

*^*^*

ეროვნული პოეზია
დღეს ევროპულ დონეზეეა.
რადგან გავხდი ევროპელი,
რითმებს სტრასბურგიდან ველი.

ძმადნაფიცად მოგვევლინა დანია,
დანიელი ევროპელი სვანია.
საბუთია უკვე, განა ლანდია,
ხვალ, გალივით გახდება “გალანდია”.

საქართველოს ნაწილია ჩეხეთი,
თუმცა ეს არავინ იცის ჩვენს მეტი.
გამოვეცი უკვე წიგნი შვედურად,
წაიკითხე, თუ გეცლება, ედუარდ.

*^*^*

რატომ მოიჭრა ვან-გოგმა ყური,
რამ აიძულა, ეს ექნა ნეტა?
ნუთუ არ ჰქონდა საბრალოს პური,
იქნებ, ქუჩების უწევდა ხვეტა?

იქნებ დააკლდა წითელი ფერი
და საღებავად იხმარა სისხლი,
ან იქნებ შეხვდა ვიღაცა შტერუ
და ჩააზილა მუცელში წიხლი.

იქნება ქალი უყვარდა მრუში?
– ვერ აიტანა მისი ღალატი,
ან ჭიანჭველა შეუძვრა ყურში
და დაეკარგა უცებ ტალანტი?

იქნება, როცა არ ჰქონდა ხურდა,
დააგირავა დედის თილისმა?
იქნებ. უბრალოდ გოგენის შურდა?
იქნებ, დასჩემდა ბევრი ღვინის სმა?

იქნებ მოჰპარა ვიღაცამ ფუნჯი?
უსაყვარლესი დაუწვა ტილო?
ან დაუსიეს ფრანგებმა დრუნჩი,
ჰოლანდიური რომ ჰქონდა კილო?

მაგრამ სხვაგვარი ვერსია მაქვს მე,
მენდეთ, რადგანაც ვიცი ნამდვილად,
სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე,
ეს აიხსნება ბევრად ადვილად:

გენიოსების მძიმეა ტყავი,
გამოუცვლელად როცა გაცვია…
სწორედ ამიტომ მოიკლა თავი
და ორმოც წლამდე ვერ მიაღწია.

*^*^*

ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი…
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
– ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?

*^*^*

სავსეა სამყარო ეული სულებით
ცოცხლად რომ დადიან – არა წარსულებით.
შენთვის სულერთია, მე სად ვარ, სრულებით.
შენ ჩემგან მიდიხარ სხვა მიმართულებით.
მე შემოგეგებე ლექსებით ულევით,
შენ კი გართული ხარ, რატომღაც ნულებით.
მოდიან, მიდიან ყინულის გულებით,
უნახავს ხიბლავენ მომწვანო “ფულებით”…
და ქულებს იწერენ უგრძესი ლულებით.
მე კი ლექსები მაქვს უღრმესი წყლულებით,
ჩემი სიზმრებია სავსე ჯურღმულებით,
თითქოსო ტვინი გამომცალეს ცულებით.

P.S. წავალ გავერთობი მე სხვა ცუნცულებით.

*^*^*

რატომ გამექცა ერთგული მუზა,
გადაიხვეწა, ნეტავი სად?
ნეტავ რა ზღვაში ჩაუშვა ღუზა?
მე რად აღარ მთვლის საკუთარ ძმად?

თან გაიყოლა აზრები, რითმა.
საწერკალამიც წაიღო თან.
ახლა ატყდება მოთქმა და მითქმა
შესაძლოა, რომ წიხლიც კი მკრან.

ვზივარ ოთახში, დარდი მაქვს დიდი.
მთრალი უზომოდ, უმუზოდ ვწერ.
ბაირონი დევს თაროზე მშვიდი
– შენ… შენ რა გიჭირს უცნობო სერ.

აბა, მე მკითხე ღალატი მუზის…
არ ვჩივი შიმშილს, უწყობას, დენს.
ის, ახლა სულ სხვას კალამზე უზის
და ეს შეგრძნება გველივით მკბენს.

რას ვიფიქრებდი მარცხი მომსდევდა?!
– მეფარებოდა მუზა მე მთად.
მეგონა მხოლოდ ქალი ბოზდება…
თუმცა სქესი ხომ ერთი აქვთ მათ.

*^*^*

რ იწერება ლექსი უბრალოდ:
ან უფულოდ ხარ, ანდა უქალოდ.
იქნებ პირიქით, ქალუხვი სულაც…
ბანკში დროულად გიხდიან ფულსაც.
განიცდი ცოლი დაუწვა თამაზს.
იქნებ პირიქით, ოცნებობ ამას.
იქნებ გაღელვებს მეზობლის ქალი.
იქნებ გაკლია კიდური ცალი.
იქნებ სიმთვრალე დაგჩემდა ცუდი
და დილაობით არ გშველოს ლუდი.
იქნებ დასტირი მეგობრებს წასულს,
ან შენი ნახვა მეგობარს არ სურს.
ვერ ეხმარები იქნებ მათხოვარს,
არ ერიდება სხვა რომ განცხრომას.
იქნებ გინდა, რომ გასცილდე ქალაქს.
გაესაუბრო იორიკი ქალას.
იქნებ ცრემლები აღარ გერევა
და აღარავინ არ გემტერება.
იქნებ დაეძებ დაკარგულ გრძნობას.
სოციალისტურს მისტირი წყობას…
დილიდანვე ხარ უკვე დაღლილი.
იქნებ ზამთარში ცხოვრობ გაახდილი…

ირგვლივ რაც ხდება, თუ მიგაქვს გულთან,
თუ კი დაეძებ რაღაცას მუდამ…
გული რომ განცდით დაისერება,
ლექსებიც მაშინ დაიწერება.

*^*^*

დღეს დავლევ რამეს,
შემდეგ ათივეს დავარღვევ მცნებას.
გავათევ ღამეს,
კახპებს შევასხმა… ხოტბას და ქებას.
მშვიდად და წყნარად
მე ვერსად მნახავთ, ვერ მნახავთ დაღლილს.
ვიცინებ მარად,
რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
შემიპყრობს ანცი.
დავცინებს ყველას და ცილს დავწამებ.
ვიქნები მკაცრი –
დავტოვებ ჩემსას, სხვის ცოლს ვაწამებ.
ცხოვრებამ მთელა,
საკმარისია, რაც მე ჩაის ვსვამ.
მიფრთხილდეს ყველა,
დღეს იმდენს დავლევ, იმდენს ჩავისხამ…
კერპებს გავიჩენ
და მათ დავსხავ სწორედ მშობლებად.
იმ გზას ავირჩევ
წმინდანთა გზას რომ ძლიერ შორდება.
წავართმევ მოყვასს
რაც გააჩნია, რაც უშოვია.
ხარხარი მომკლავს,
რისთის გარჯილა, რად უშრომია?
დღეს დავლევ იმდენს
– ჯერ ცხოვრებაში, რომ არ გსმენიათ.
მოგისპობთ იმედს,
რომ მომავალი თითქოს თქვენია.
ვიქნები დინჯი
სუსტს როცა სცემენ ოცნი, ომახით.
რად მინდა ბრინჯი,
რომელი მარხვა? – ხორცი მომართვით!
გავწირავ იმათ,
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები.
ვიქცევი წვიმად,
რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები…

ახლა მისმინეთ როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა,
ბევრი მითმინეთ
და გამიძელით, გთხოვთ კიდევ ოდნავ:
დავცალე ქვევრი,
დავლოცე დედა, ძმები, ბებია.
ვიმღერე ბევრი
და კიდევ კარგი ჩამძინებია.

*^*^*

ვერ ველევი უშნო ჩვევას,
მე ვგულისხმობ სმას და წევას.

ყველაფერი იქით მიმყავს
– ბედი ალბათ მწარედე მირტყამს.
ლექსად ვამბობ მართალ სიტყვას
(სათქმელი ხომ უნდა ითქვას).

შემეყერა მძიმე სენი,
ჭაჭა გახდა ჩემთვის წვენი…
მაგრამ (თუმცა არ ვარ ბრძენი),
რა ლექსები მოგიძღვენი!

ვეტანები ინდურ კანაფს
– მიღჩევნია მჟავე “მანავს”.
ვეტრფი ლიას, მაკას, ნანას…
თან არ ვმალავ მათთან ამას.

მე არ მიყვარს ტაშის დაკვრა,
სხვის ქალისთვის თვალის ჩაკვრა.
ჩემში არ ზის სუსტი ჩაგვრა.
არ დამიცავს გალი, გაგრა.

ვარ ჩვეული დიდხანს ლოდინს.
არ ამყოლი კარნახს მოდის.
ოცდამეერთდე კი მოდის…
დროის ფასს ვისწავლი როდის?

მშვიდობის არა ვარ მტრედი.
ვიღაც ამბობს – რომ მჭირს რეტი…
დღეს მოვწია (რა ვთქვა მეტი)
რვა კოლოფი სიგარეტი.

რა დღეშია ნიკოს ტვინი
– ცხენს კლავს წვეთი ნიკოტინი

*^*^*

რას ვებრძვი შექსპირს? რა ტყუილად ვირჯები:
თუ აღარ გიყვარვარ, თუ აღარ გჭირდები.

რომელი ჩეხოვი? – რაღაცას განვიცდი,
შენ კი სულ სხვაგან ხარ და შენ მე არ მიცდი.

ხვალ ტარტიუფს ვთამაშობ, დღეს კი ვარ ჰამლეტი,
მაგრამ უშენობით, ვგრძნობ, როგორ დავბერდი.

ვიქნები ფიგარო, იქნებ დონ-ჟუანი,
შენთან კი ნამდვილად არა ვარ მტყუანი.

უშენოდ რად მინდა სარტრი, ან იბსენი?
ვისთან გაიქეცი – ერთი ამიხსენი.

გუშინ დამესიზმრა: მა მავრს ვთამაშობდი,
შენ კი დეზდემონას… და თითქოს გახრჩობდი.

ოფლში გამეღვიძა, შიშით ვიმოსები…
რას არ იგონებენ ეს გენიოსები.

*^*^*

ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს.
მესაუბრება, რას აღარ ამბობს.
ყველა სურათი საოცრად მათბობს,
მაშინაც, როცა ცივა და მათოვს.

აი, ეს ქალი (რა კარგად მახსოვს),
სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს.
ეს კი ბაბუა! სურათზეც ბრაზობს
თუ შვილიშვილი ჟარგონზე “ბაზრობს”.

მამაჩემია, დანას რომ ასობს.
იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს.
დედიკო ჩემი, რაღაცით ხარობს.
ოცი წლისაა, ტუშს ჯერ არ ხმარობს.

მაგრამ ვერ მივხვდი ალბომის საზომს
– რა უნდა მასში მეზობელ ანზორს?
ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ, წააგავს კარლსონს,
ვიღაც დეიდა ატენის მაწონს.

გაივლის დრო და… ნურავინ დარდობს,
რას იზამ, ზოგჯერ სიკვდილი ჭარბობს.
და ამ ალბომში (ეს აზრი მართობს)
მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს.

*^*^*

ვიღაც პოეტია, ვიღაცა სვანია,
ერთისთვის რომია, ერთისთვის ვანია,
ამისთვის კაცია, იმისთვის ქალია.
ვიღაც ფხიზელია, ვიღაცა მთვრალია.
“ნახე, რა ცუდია! რამდენი დალია…”
– უნდა დავეთანხმო, თითქოს და ვალია.
ზევით ეკამათე – ჩემი რა ბრალია.
დაფიქრდი საერთოდ: მე შენთვის მცალია?

*^*^*

ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს,
ზოგი ქალი – მოდას.
ზოგი ათრევს მძიმეს მარტო,
ზოგი არჩევს GODAR-ს.
ზოგი ქალი KENT-ს ეწევა,
ზოგი კენტად ცხოვრებას.
ვინ დააკმაყოფილებს,
ჩემს მომთხოვნ გემოვნებას.
აი, შორს მიდის ვიღაც ქალი,
ასეთი არ მყოლია!
რომ შევავლე კარგად თვალი,
თურმე ჩემი ცოლია.

*^*^*

ფარი აიფარა ფარსმა,
აზრი შეიცვალა არსმა,
ფლიდის ხელმწიფედ დასმა,
ხალხის დილეგში ჩასმა,
ღვინის უზომოდ ჩასხმა,
ცილისწამების თავსხმა,
ერთი გასრისა ასმა
– თვალი გვცა ვიღაც თარსმა.

*^*^*

გაგიკვირდებათ ეს ლექსი ალბათ…
დავისვენებო, ღამეა ბარემ
გადაიფარა ღრუბელი საბნად
და ჩაიძინა აგვისტოს მთვარემ.
ღამის წყვდიადში მე და შენ მარტო…
არ გვბეზრდებოდა ჩვენი თანაში.
წოლა მოგვწონდა არ ვიცი რატომ
თბილი წვიმების აბაზანაში.
მივუყვებოდი ვნების მდინარეს,
მივხვდით თუ რის გამო მიწა იძვრება…
ვემუქრებოდით მთვარეს მძინარეს,
არ გაებედა გამოღვიძება!..
გახსოვს, ნაწყენმა მზემ რა თქვა მაშინ:
მეც მინდა ვნახო თქვენი თამაში!….

*^*^*

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

ენა,მამული

“საროჩკა”,”ნასკი”,”კრაოდი”,”პოლი”
მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი
“კუხნა”,”ბალკონი”,”ზალა”,”პადვალო”
მითხარით ენა ამის ბადალი.
“პესოკი”,”სუმკა”,”ტუფლი”,”იუბკა”.
“რომელი გოდა ხარ?”-“თხუთმეტი სუტკა”
“მოვპარე სპიჩკა-მაქვს ეს პროვოჩკა”
“ლამპოჩკა”,”ჩაინიკი”,”კრაოტი”,”სტოლი”
ამბიცია ულევია,ინტელექტი ნოლი.
“შოფერი”,”მატორი”,”პაკრიშკა”,”ლიჟები”.
საბა და ილია-“”იმენა” გიჟები….

*^*^*

ჩემი ბრალია ,
სუყველაფერი ჩემი ბრალია.
ჩემი ვალია,
ღმერთის წინაშე, ჩემი ვალია:
მიყვარდეს სატრფო,
რომ ვიყო სხარტი, როგორც კალია,
მე კი მას ვათრობ,
ირგვლივ ჩემს გამო ყველა მთვრალია.

მიმიძღვის დიდი წვლილი იმაში,
რომ ლონდონია ნისლში, წვიმაში,
ჩექმას წააგავს რომ იტალია,
არ გააჩნია სპილოს ტალია
– სუყველაფერი, რაც ხდება ქვეყნად
ჩემი ბრალია.

თუნდაც რომ მირტყა,
უნდა გამოვტყდე – ახლა კი დროა
ვთქვა ნაღდი სიტყვა,
მე დავარბიე ურდრეკი ტროა!
ავაგე კრემლი,
კვლავაც რუსების სიმბოლო როა,
ვაცდუნე მრევლი,
ამიტომ ხდება რომ ის დღეს ბრბოა.
ცოდვა მაქვს დიდი, ვიცი – მომკალი,
რომ დაგვავიწყდა ფიცი, მორალი.
თუ ვინმე გვებრძვის – ჩვენი ჯარია.
რა ვქნა? – ესეც ხომ ჩემი ჯვარია,
სუყველაფერი, რაც ხდება ცუდი
– ჩემი ბრალია.

ვარ დამნაშავე,
სახლი დაინგრა ”ჩვენს წელთ…” ნაგები
მე გავაშავე
და დავიმონე შემდეგ ზანგები.
დღემდე არ მომწონს
ამადეუსის ხშირი ჰანგები.
აღწერა მოწმობს
რომ გავამრავლე ქვეყნად ფრანგები.

შთამომავლობით ალბათ გადმომდის,
ხანდახან თავში რა აღარ მომდის:
მოსაკლავი ხომ ჩემი შვილია,
რომ, პოეტია ვითომ ილია.
სუყველაფერში, რაც კი რომ ხდება, ჩემი წვლილია

*^*^*

კაცი, როცა იბადება,
ირგვლივ ყველა იბადრება.
ტვიტნი, ტანი, რომ ეზრდება,
ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება.

ხოლო, როცა მოხუცდება,
ჯანმრთელობა მოუცვდება,
აზროვნება გაჭირდება
– აღარავის არ სჭირდება.

ბოლოს, როცა გარდიცვლება,
ბევრი ბოცა დაიცლება.
ღრეობაა გამართული,
ისევ ყველა გაბადრული.

*^*^*

არის ჩემში როდენი,
ოღონდ ცოტაოდენი,
არის ჩემში დავინჩი
კარგ და მზიან ამინდში,
არის ჩემში რუსთველი,
მაგრამ გამოუწვრთნელი…
და იქნება ჩემში დანტე,
თუ ცოდვები შენი მანდე,
ხანდახან ვგრძნობ ჩემში შოპენს,
მაისი რომ ჭერამს მოჰფენს.
ხანდახან კი ჩემში ბახი
სუნთქავს, ბორგავს, როგორც ტახი.
ზოგჯერ კი, ნაპოლეონი
ლაპარაკობს ჩემში მგონი.
თქვენ ფიქრობთ – დავკარგე გონი,
რომ ეს არის ცუდი ტონი.
ფიქრობთ არ ვარ თავმდაბალი,
როგორც ირგვლივ სხვა მრავალი.

P.S. ხოლო ჩემთვის ცოდვაა,
უცხო და უცნაური:
თუ ხარ მხოლოდ ჯუმბერა,
ბონდო, ანდა ზაური.

*^*^*

რა სონეტი, ან რაღა დროს მიძღვნებია?!
დაგვანებონ, თავია თუ თავები;
ოცნებები, ცნებებივით ირღვევიან,
უსასრულო დასასრულში გავები….
მე რა ვიცი, რა წებოთი გავამრთელო?!..
მე რა ვიცი, დავუჯერო ვის ზრახვებს?!..
დაველოდოთ, გასულია საქართველო
და რომ მოვა, თვითონ გამოგვიძახებს…

*^*^*

ღმერთს არ სცალია თავში რომ გვირტყას
რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია,
გულმოწყალეა, დაგვიგდებს სიტყვას
უცოდველობით გადამთვრალია.
ჩვენ კი გვცალია რომ ვიმეტიჩროთ,
ჩვენგან რა მიდის, რა გვენაღვლება.
სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ
უკვე შეირჭო ცოდვის ამღებმა…
შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი
ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს,
მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,
მაგრამ მთის თავში თურმე დახურავს…
შენ ხომ გადრჩი, მე ხომ გადავრჩი…
ღადავ–ღადავში… ღადავ–ღადავში…

*^*^*

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

*^*^*

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

*^*^*

რა შტერიო დააბრალა ძმას
დავთვერიო დააბრალა სმას
მეხვევაო დააბრალა ქალს
ვერ ხვდებაო დააბრალა ხალხს
დავიწვიო დააბრალა მზეს
რა ბილწიო დააბრალა ზმნებს
შევბერდიო დააბრალა ცრემლს
ვერ სეკრა და დააბრალა წრეს
გავცივდიო დააბრალა თოვლს
არ მიცდიო დააბრალა დროს
უვიციო დააბრალა ბრბოს
გულბილწიო დააბრალა ბოზს
უზრდელიო დააბრალა შვილს
კურდღელიო დააბრალა შიშს
თავს ვკარგავო დააბრალა ფიქრს
რას ვგავარო დააბრალა ფირს
არ მყოფნისო დააბრალა ფულს
მაყოვნებსო დააბრალა პულსს
კარგიაო დააბრალა ცუდს
ნაღდიაო დააბრალა ცრუს
მოკლედ ყველაფერი ასე დააბრალა სხვას
ცარიელი ცოდვით სავსე საფლავის ქვად დგას.

*^*^*

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა…

*^*^*

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.

*^*^*

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .

*^*^*

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…

*^*^*

რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!

ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…

*^*^*

პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…

*^*^*

ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…

*^*^*

ქალი ვნახე კაფე ნალში
რაღა ვნების სიომ გამკრა
ჩამოვარდა გულში თვალში,
მაგრამ უცებ სადღაც გაქრა
არ ვიცოდი მისი გვარი
სახელი და ეროვნება
არ ვიცოდი ყავს კი ქმარი ?
იქნებ იმას ემონება
ბოლოს მაინც ვნახე იგი
ვერაზეა კაფე გირჩა
იქ დავუგე ლექსის მახე
იქ კი ვეღარ გადამირჩა

*^*^*

მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძლის ხე…..
ბუხარი….
სითბო…..
ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია

*^*^*

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

*^*^*

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …

*^*^*

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
– ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
– ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
– ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

*^*^*

ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა.
თან წაუტირებს თან გაიღიმებს
შვილი რომელიც საფლავზე მოვა.
მოვა დაღდება მოწევს და წავა..
იქ კი იგივე დარჩება ჰავა.

*^*^*

მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?”
მაინც თავისით წარიმართება . .

*^*^*

როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
– სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ..

*^*^*

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…

*^*^*

ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…

*^*^*

წელიწადის ყველა დროს,
დღე_ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე_ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე_ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს,
დღე_ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
მერე რა რომ კოცნი სხვას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე_ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
რა მოხდა რომ ეჭვი მჭამს.

წელიწადის არცერთ დროს,
დღე_ღამეში არცერთ წამს,
არაფერზე მეტყვი ხოს,
შენი მაინც მუდამ მწამს..

*^*^*

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა..

დედა

ვინ დამბადა ასე ფლიდი,
ასე წყნარი, ასე დიდი
ასე ცუდი, ასე კარგი
ვინ მასწავლა ასი დარგი
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლად ყველას
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს
ან იმ ღამეს ვინ გამათბობს
მე ჭაღარა რომ დამათოვს
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას
ვერც ავუხსნი როგორ მიყვარს
ვინ იქნება მუდამ ახლოს
მაშინაც კი შორს თუ სახლობს
ვინ იქნება, ვინ და დედა
თებერვალში დამებედა..

არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

2 Responses to ნიკო გომელაური

  1. g1al0 says:

    vaime di ramdeni giweria😯

  2. TILL says:

    gakli shen dea :D:D:D

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: